Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

პროფესია - " მასწავლებელი "


 *****

    სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ბლოგის წარმოება დავიწყე, რათა თავი მომეყარა ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისათვის და, ასე ვთქვათ, პორტფოლიოდ წარმომედგინა, გამახსენდა, რომ წლების წინ ვაწარმოებდი ბლოგს, რომელიც, რიგი მიზეზების გამო, მალევე მივივიწყე. მომინდა მენახა, რას ვწერდი მაშინ, გავხსენი და დავათვალიერე. ბევრი მოგონება ამომიტივტივდა გონებაში, გამახსენდა ჩემი მაშინდელი განცდები და ფიქრები ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით და მომინდა, რომ იმდროინდელი ერთი სტატია (მოკრძალებით დავარქმევ ამ ჩანაწერს "სტატიას"), აქ, ჩემს ახალ საგანმანათლებლო ბლოგზე თქვენთვის გამეზიარებინა.  
     ეს ჩანაწერი 2015 წელს მაქვს გაკეთებული  Wordpress-ზე. ვფიქრობ, იგი ბევრი ჩემი, აწ უკვე კოლეგის, ან მომავალი კოლეგის, გულისტკივილს და ნააზრევს გადმოსცემს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღესდღეისობით ეს პრობლემა ბევრისათვის დგას აქტუალურ პრობლემათა სიაში - სწორად აირჩიეს თუ არა პროფესია? ან რამდენად რეალიზებულები არიან თავიანთ საქმიანობაში? 
     მე დღეს ვასწავლი მათემატიკას ქ. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვარ! სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც მასწავლებლობა ჩემი ცხოვრების პროფესიად  და მთავარ საქმიანობად დავსახე. დღეს მე ვარ საქმიანობის იმ სფეროში, სადაც თავს ბედნიერად და კმაყოფილებით აღსავსედ ვგრძნობ. რის გამოც ყოველი დღის გათენება მიხარია! მიხარია ჩემს კოლეგებთან შეხვედრა; ჩემს მოსწავლეებთან დროის გაზიარება; მიხარია, როდესაც რაიმე ახალს ვქმნი და ვეხმარები პატარებს ახლის შექმნაში, ცოდნის შენებაში, მომავალი წარმატებისაკენ ნაბიჯების გადადგმაში. და ბოლოს, მიხარია, რომ ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მასწავლებლობა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა, სათუთი და საფრთხილო! და მეც ფრთხილად, მოკრძალებით მივუყვები ჩემს მოსწავლეებთან ერთად განათლების მწვერვალებისაკენ მიმავალი კიბის საფეხურებს, მათთან ერთად, თითოეულ მათგანთან ხელჩაკიდებული  ვიკვლევ გზას. ხან მე ვასწავლი, ხან ისინი მასწავლიან ( დიახ, ამაყად ვიტყვი, რომ ისინიც მასწავლიან )  და ვიმედოვნებ, რომ ეს გზა, მიუხედავად თავისი სირთულისა, იქნება ნაყოფიერი და მრავლის მომცემი ჩემი მოსწავლეებისათვის.
   ბოლოსათვის კი, სანამ ჩემს რვა წლის წინანდელ, გულისტკივილით და ნაღველით აღსავსე ჩანაწერს შემოგთავაზებთ, მინდა აღვნიშნო ერთი რამ: ყველას ცხოვრებაში ჩნდება საბედისწერო ადამიანი. ჩემს ცხოვრებაში მე მას "საბედისწერო ქალბატონი" ვუწოდე ( მან ეს არ იცის ). დიახ, "საბედისწერო ქალბატონი", რომელმაც მომცა შანსი დღეს ამ ფორმით, იმედებით, ენთუზიაზმით და მოტივაციით აღსავსეს  დამეწერა ეს ტექსტი, რომელმაც მომცა საშუალება ჩემი პროფესიით გამეგრძელებინა ზრუნვა ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ვისი დახმარებითაც გაცოცხლდა ჩემში უკვე მივიწყებული ოცნება, ვყოფილიყავი  "მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი"!
      უღრმესი მადლობა მას, ამ ძვირფას და საიმედო ქალბატონს, ამ ნდობისა და დაფასებისათვის!




No comments:

Post a Comment