Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

 

 ჩვენი თაობის პრობლემები, მათი მოგვარების გზები და საშუალებები


X კლასის პირველ სემესტრში სასწავლო წლის დაწყებისთანავე, კლასის საათის ფარგლებში, განვახორციელეთ სადამრიგებლო თემატიკის საინტერესო და ძალიან აქტუალური პროექტი სახელწოდებით, “ჩვენი თაობის პრობლემები, მათი მოგვარების გზები და საშუალებები.”


ამ პროექტში მოსწავლეები გლობალური, სოციალური და პიროვნული საკითხების შესწავლის პროცესში ჩაერთვნენ.



პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ პრობლემების გაცნობა, არამედ მათი სიღრმისეული ანალიზი, იდეების გაზიარება და მათთან დაკავშირებული რეალური გზების მოძიება, რომლებიც შემდგომში აქტიურად იქნება გამოყენებული.




პროექტის განმავლობაში, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებად და თავად შეარჩიეს ოთხი მნიშვნელოვანი თემა, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემებს წარმოადგენენ: “ბულინგი”, “კომპლექსები ჩვენს თაობაში”, “ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება” და “სოციალური იზოლაცია”. მოსწავლეები ცდილობდნენ გასცნობოდნენ ამ პრობლემების მთავარ მიზეზებს, ეფექტებს და უზიარებდნენ ერთმანეთს, თუ როგორ შეიძლება პრობლემის შედეგების მინიმიზაცია და გამოსავლის პოვნა, ვინ, ან როგორ უნდა ჩაერთოს არსებული პრობლემის მოგვარებაში.


განსაკუთრებით საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მოსწავლეებმა საკუთარი თვალსაზრისები და აზრები გაუზიარეს ერთმანეთს, რამაც გამოიწვია ნაყოფიერი დისკუსიები და განსხვავებული ხედვების კონსოლიდაცია. ისინი ცდილობდნენ, გაემახვილებინათ ყურადღება არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ გამოსავალზეც – რა შეიძლება გაკეთდეს სოციალური იზოლაციის ან ბულინგის დასაძლევად, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების კონტროლი და რა დახმარება სჭირდება თაობას კომპლექსების გადალახვაში.

გარდა თეორიული კვლევისა, მოსწავლეებმა შექმნეს რეკომენდაციები და უშუალო გეგმები, რომლებიც პრეზენტაციაში წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, პროექტი არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში დაეხმარა მათ, არამედ მოსწავლეებს გააცნო გლობალური პრობლემების მნიშვნელობა და დააფიქრა ისინი საზოგადოებაში მათ პასუხისმგებლობაზე.



ამ თემებმა ჩვენი კლასისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა შეიძინა მთელი სასწავლო წლისათვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაინახეს, რომ სოციალური და პიროვნული პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევითაა შესაძლებელი და რომ მათ, იდეებისა და ინიციატივების საშუალებით, შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი გარემო და მომავალი.
მადლობა, თითოეულ მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.

კლასის დამრიგებელი: ნაზი კობახიძე.


























No comments:

Post a Comment